„მითების დეტექტორის" ცნობით, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის „Haqqin.az" -ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან, რომელზეც, მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთის მიმართულებით მიმავალი სამხედრო ტექნიკაა ასახული, ერთ-ერთი ფოტო ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.
„ფოტოზე მოცემული დეტალებისა და მათი სატელიტურ გამოსახულებებთან, ასევე ონლაინ სივრცეში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალასთან შედარებით დგინდება, რომ ფოტო საქართველოს მხარეს, სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტშია გადაღებული", - წერს „მითების დეტექტორი".
19 ივლისს აზერბაიჯანულმა მედიაგამოცემა „Haqqin.az"-მა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ სომხეთს შეიარაღება სერბეთმა საქართველოს გავლით მიაწოდა.
მედიაგამოცემის წერილს ქართული საგარეო უწყების რეაქცია მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული გამოცემის გავრცელებული პუბლიკაცია დეზინფორმაციული ხასიათისაა და „უამრავ უზუსტობებს შეიცავს“.
ქართული მხარის განცხადების საპასუხოდ გამოცემა „Haqqin", - მა სამხედრო ტექნიკის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.
გუშინ, 22 ივლისს, სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა, რასიმ ლიაიჩმა მედიას განუცხადა, რომ სომხეთში იარაღის ექსპორტი სერბეთიდან კერძო კომპანიამ ნამდვილად განახორციელა. კომპანიას ოთხი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ნებართვა ჰქონდა აღებული.